გონებრივი იერიშის მეთოდს წარმატებით რომ ემუშავა, პირველი
ეტაპისთვის ოსბორნმა შემოიღო რამდენიმე ძირითადი კანონი, რომლებიც კრეატიული
იდეების შეგროვების გარანტია უნდა ყოფილიყო:
1. არ გააკრიტიკო არც ერთი იდეა, რადგან ყველა იდეა ღირებულია.
2. რაც უფრო მეტი იდეა წამოვა ჯგუფიდან, მით უკეთესი.
3. შევავსოთ და გავაუმჯობესოთ უკვე არსებული იდეები.
4. რაც უფრო უჩვეულო და ორიგინალურია იდეა, მით უკეთესი.
5. ნუ შეგეშინდებათ, იყავით თამამი, ორიგინალური.
6. ჩამოაყალიბეთ იდეა მოკლედ, ლაკონურად და ნათლად.
ამ ეტაპზე მოდერატორის ძირითადი ფუნქციაა:
1. მოითხოვოს ჯგუფისგან რაც შეიძლება მეტი იდეა;
2. დაეხმაროს მონაწილეებს იდეების ლაკონურად ჩამოყალიბებაში;
3. მიუთითოს ჩანაწერების გამკეთებელს, როგორ გადაიტანოს იდეა
მოკლედ ფლიფჩარტზე/დაფაზე;
4. შეაწყვეტინოს მონაწილეებს იდეის კრიტიკა და კიდევ ერთხელ
შეახსენოს მათ, რომ მომდევნო ეტაპზე ყველას ექნება საშუალება, გააანალიზოს
ნებისმიერი იდეა და შეაფასოს მისი ღირებულება.
გონებრივი იერიში განსაკუთრებით ეფექტიანი შეიძლება იყოს
გაკვეთილის საწყის ეტაპზე, ახალი თემის შეტანისას. მისი მეშვეობით მასწავლებელს
შეუძლია, სწრაფად გაიგოს, რა იციან მოსწავლეებმა განსახილველი თემის შესახებ და
როგორია მათი დამოკიდებულება საკითხის მიმართ, რაც მას გაკვეთილის სწორად აგებაში
დაეხმარება და თავიდანვე უზრუნველყოფს საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მაქსიმალურ
ჩართულობას.
მეთოდი ეფექტიანია მაშინაც, როდესაც არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი
პასუხი საკვლევი თემისა და პრობლემის გადაწყვეტის თაობაზე. გონებრივი იერიშის
საშუალებით მრავალი კრეატიული და ინოვაციური იდეისგან კონსენსუსის საფუძველზე
გამოიყოფა რამდენიმე ყველაზე ღირებული, რომლებიც პრობლემის მოგვარების საუკეთესო
გზას წარმოადგენს.
Комментариев нет:
Отправить комментарий